English / ქართული / русский /
ანა ლაფაჩი
ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები და პრიორიტეტები

ანოტაცია. ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებული პრობლემები აქტუალურობას არ კარგავს, რადგან მიმდინარე პერიოდის სირთულეები ყველაზე მეტად სწორედ მოსახლეობის ამ კატეგორიას ეხება. ახალგაზრდების დასაქმება და მათი უზრუნველყოფა შესაბამისი, ადეკვატური ანაზღაურებით და შრომის პირობებით ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევაა. სამუშაო ადგილების შეზღუდული რაოდენობა, დაბალი ანაზღაურება, მძიმე და ზოგჯერ არანორმირებული სამუშაო ახალგაზრდების ნაწილს სტიმულს უკარგავს და ეროვნული ეკონომიკის გაძლიერების მაგივრად საზღვარგარეთ  დასაქმებისკენ უბიძგებს. საერთაშორისო ორგანიზაციები და მთავრობები ცდილობენ ახალგაზრდების დასაქმების მხარდამჭერი პოლიტიკის შემუშავებას. წარმატებული პრაქტიკული შედეგების გაზიარება წაადგება საქართველოს. ნაშრომში განხილულია საქართველოში არსებული მდგომარეობა ახალგაზრდების დასაქმებასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილებულია პრობლემების ნაწილის გადაჭრაზე, რაც გააუმჯობესებს რეალობას და სამომავლო პერსპექტივებს ოპტიმისტურს გახდის.

საკვანძო სიტყვები: ახალგაზრდობა, დასაქმება, უმუშევრობა, შრომის ბაზარი. 

შესავალი. მოსახლეობის, მათ შორის, ახალგაზრდების დასაქმებას, ეკონომიკური და სოციალური მნიშვნელობა აქვს. იგი კომპლექსური ხასიათის პრობლემაა და დამახასიათებელია როგორც განვითარებული, ასევე, მითუმეტეს, განვითარებადი ქვეყნებისთვის. ერთი მხრივ, დასაქმებული ახალგაზრდა ზრდის მატერიალური და სულიერი დოვლათის წარმოებას, მეორე მხრივ, კი ხელს უწყობს სოციალური პრობლემების მოგვარებას, სამუშაო ძალის მწარმოებლურობის ზრდას და დემოგრაფიული პრობლემების შერბილებას მცირე ზომის დემოგრაფიულად არასტაბილური ქვეყნებისთვის. საქართველოსთვის შრომით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართვა საკმაოდ დიდი გამოწვევაა. სწორედ ეს სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფი ხასიათდება მაღალი მოტივაციით, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარების რეზერვებით, სიახლისადმი კეთილგანწყობით, საკმაო მობილობით და ა.შ. ცხადია, ახალგაზრდების რაც მეტი ნაწილი იქნება დასაქმებული, მით მეტი პერსპექტივა ექნება როგორც ცალკეულ სოციალურ ჯგუფს, ასევე მთლიანად ქვეყანას.

საკმაოდ მნიშვნელოვანია ევროპული გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდების დასაქმების კუთხით.  2020 წელს ევროპულმა კომისიამ, ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებულ არსებულ სიტუაციასთან გასამკლავებლად, მიიღო ახალგაზრდების დასაქმების მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელიც 30 წლამდე ასაკის  ახალგაზრდას საშუალებას აძლევს შესაბამისი პროგრამის ფარგლებში ოთხ თვეში დასაქმდეს,  მიიღოს განათლება, აიმაღლოს ან შეიცვალოს კვალიფიკაცია, რათა შესაბამისობაში იყოს დამსაქმებლების ინტერესებთან. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალგაზრდების იმ კატეგორიას, რომელიც პირველად შედის შრომის ბაზარზე. თანამშრომლობის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ დამსაქმებლების და პროფკავშირების წარმომადგენლები. ასევე გასათვალისწინებელია სტაჟირების ისეთი სისტემა, რომლის დროსაც ახალგაზრდა დროს ანაწილებს სწავლასა და მუშაობას შორის, ბოლოს კი იღებს შესაბამის დოკუმენტს. ევროკავშირი ახალგაზრდების დასაქმებას ხელს უწყობს მეწარმეობის წახალისებით, შექმნილია ახალგაზრდა მეწარმეების კავშირები და სხვა დამხმარე ორგანიზაციები. საქართველოშიც არის ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები „Start up“ სისტემის სახით, რომელსაც ნამდვილად შეუძლია მოტივირებული, გონიერი და მიზანდასახული ახალგაზრდების ოცნებების რეალობად ქცევა.

ახალგაზრდების ასაკობრივი კატეგორიები და მათი თავისებურებები. ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკურ ჯგუფში, როგორც წესი, მოიაზრება შრომითი რესურსები 15-დან 34 წლის  ჩათვლით. 15 წლიდან ადამიანს შეუძლია მიიღოს შეგნებული გადაწყვეტილება და დაიწყოს შრომითი ურთიერთობები. 20 წლამდე დასაქმებული ახალგაზრდები არიან ან სკოლის მოსწავლეები, ან საშუალო თუ პროფესიული განათლების მქონენი, ან უმაღლესი სასწავლებლების უმცროს­კურსელები. მათ უმრავლესობას დამოუკიდებელი საცხოვრებელი და შესაბამისად, საოჯახო მეურნეობა არa აქვს და ძირითადად უფროსების კმაყოფაზე არიან. ამიტომაც მათ აკმაყოფილებთ არასტაბილური, პერიოდული, შემთხვევითი სამუშაო. თანამედროვე ტექნოლოგიების და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ზრდის კვალობაზე, ამ ასაკობრივი კატეგორიისთვისაც იზრდება დისტანციურად შემოსავლის მიღების შესაძლებლობები, რასაც, გარკვეული ნაწილი წარმატებით იყენებს, თუმცა  მათი პრიორიტეტი მაინც უნდა იყოს ისეთი პროფესიული საძირკვლის ჩაყრა, რომელიც ათეულობით წლების განმავლობაში უზრუნველყოფს მათ სტაბილურ და ადეკვატურ შემოსავალს.

20-დან 24 წლამდე ახალგაზრდები უკვე ფლობენ პროფესიული უნარ-ჩვევების ნაწილს მაინც და ამდენად ეძებენ სპეციალობის მიხედვით სამუშაო ადგილებს. პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულები უერთდებიან კვალიფიციური მუშახელის ბაზარს, ხოლო უმაღლესი სასწავლებლების მაღალკურსელები პროფესიულ მომზადებას ამთავრებენ და მათაც სპეციალობის მიხედვით სურთ გზის გაკაფვა. აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის ახალგაზრდებს უკვე სურთ მატერიალური დამოუკიდებლობა, საკუთარი შინამე­ურნეობის ჩამოყალიბება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თუ რეალობაში ვერ მოხდა მოლოდინის ნაწილობრივი რეალიზება მაინც, თავს იჩენს აპათია, დეპრესია, სოციალური გარიყულობა და სხვა უარყოფითი ფსიქოლოგიური მომენტები. მსგავსი არასასურველი გამოვლინებების თავიდან ასაცილებლად, სასურველია ინდივიდს გააჩნდეს უნარი ადეკვატურად დააკავშიროს ერთმანეთთან სურვილები და შესაძლებლობები, ასევე, განიმარტოს, რომ ყოველი წინააღმდეგობა ახალ პერსპექტივად გარდაიქმნება, თუ ენერგიული და მიზანმიმართული ქმედება მხარდაჭერილი იქნება ოჯახისა და საზოგადოების მიერ. ამიტომაცაა საშური სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის პროგრამების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა პროფილურ უწყებებთან და ორგანიზაციებთან.

რაც შეეხება ახალგაზრდების ასაკობრივ საშუალოზე მეტ ზღვარს, 25-29 წლის ასაკს, ამ შემთხვევაში ადამიანს საბაზო თუ პროფესიული განათლება უკვე მიღებული აქვს, ამასთან, დაგროვილია შრომითი გამოცდილების მინიმუმი მაინც, ადაპტირებულია სამუშაო გარემოსთან. შესაბამისად, პირს შეუძლია სრულფასოვნად ჩაერთოს საზოგადოებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა ტიპის საქმიანობაში, მოხდეს მისი სოციალიზაცია და გახდეს ფინანსურად და ეკონომიკურად დამოუკიდებელი.

ზედა ასაკობრივი ჯგუფი, რომელშიც 30-34 წლის ადამიანები მოიაზრებიან, ფაქტობრივად, ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური თვალსაზრისით რეალიზებული პიროვნებები უნდა იყვნენ, თუ გასული წლები მიზანმიმართულად მოახმარეს განათლებისა და გამოცდილების მიღებას. ამ ასაკში კარიერული ზრდა აღმასვლის ფაზაშია, უმრავლესობას ოჯახი შექმნილი და მატერიალური პასუხისმგებლობაც გათავისებული აქვს. ქვედა ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით პრინციპული სხვაობაა როგორც ფინანსური, ასევე  მორალური კუთხით.

ახალგაზრდების დაყოფა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, გარკვეულწილად, პირობითია, რადგან ადამიანი ინდივიდია და მისი განვითარება როგორც ფსიქიკური, ფსიქოლოგიური, ასევე პროფესიული კუთხით არ შემოიფარგლება. ამიტომაც ასაკობრივი გამიჯვნა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. უმეტესად, ეს ფაქტორებია: სოციალური, ეკონომიკური, ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური. მათი ერთიანობაში განხილვით დგინდება, თუ  რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ინდივიდი, თუმცა საშუალოსტატისტიკური თვალსაზრისით ახალგაზრდების ოთხი: ქვედა (15-19 წელი), საშუალო (20-24 წელი), საშუალოზე მეტი (25-29 წელი)  და ზედა (30-34 წელი) ასაკობრივი ჯგუფი განიხილება.

უმუშევრობა ახალგაზრდებში. უმუშევრობა ერთ-ერთ მწვავე სოციალურ პრობლემად არის მიჩნეული. იგი არასასურველია ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ახალგაზრდებთან მიმართებით ზოგჯერ მეტი სიმძაფრით იჩენს თავს. ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ქვედა და საშუალო ასაკობრივ ჯგუფში მყოფებს, შრომითი გამოცდილება ან არა აქვთ, ან მცირე დროით აქვთ ნამუშევარი, რაც ბარიერია მათი შრომით მოწყობის საქმეში. მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ დამსაქმებლებს სამუშაოსადმი წაყენებული აქვთ მაღალი მოთხოვნები, ასევე შეუსაბამობაა შრომის მოთხოვნასა და შრომის მიწოდებას შორის სხვადასხვა პროფესიის მიხედვით და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ შრომის ბაზარზე მეტ-ნაკლებად დადებითი ძვრები შეიმჩნევა პირველად სამუშაოს მაძიებლებისთვის, თუმცა  უმეტესობისთვის შრომის ბაზარზე დამკვიდრება დიდი წინააღმდეგობის გადალახვას უკავშირდება, რაც ახალგაზრდებში უმუშევრობის ზრდას უწყობს ხელს. ფრიქციული უმუშევრობა არცთუ იშვიათად გადაიზრდება ხანგრძლივ უმუშევრობაში, რაც იწვევს სტრესს, მომავლის რწმენის დაკარგვას, მიღებული პროფესიული უნარ-ჩვევების გაუფასურებას, მიგრაციული პროცესების წახალისებას და სხვა უარყოფით გამოვლინებებს. ახალგაზრდები ნებისმიერი ქვეყნისთვის ისეთი კაპიტალია, რომელიც აწმყოსა და მომავალში მოგების მომტანი უნდა იყოს. ამიტომ  საწყის ეტაპზე მისი განიავება ძვირად უჯდება საზოგადოებას და სახელმწიფოს. თანამედროვე განვითარებული ეკონომიკის ქვეყნები (მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნები) სხვადასხვა გზით ახალისებს ახალგაზრდა სამუშაო ძალის ჩაბმას ეკონომიკურ საქმიანობაში. ახალგაზრდების შესაძლებლობების გამოყენება ორმაგად და სამმაგად სჭირდება განვითარებადი ეკონომიკის ისეთ მცირე ქვეყნებს, როგორიც საქართველოა. თითოეული დაუსაქმებელი ადამიანი ეკონომიკური და სოციალური ტვირთია მაშინ, როცა დასაქმების შემთხვევაში იგი ეკონომიკური ზრდის და განვითარების თანამონაწილე ხდება. ეკონომიკური თეორიიდან ცნობილია, რომ  ეკონომიკური მდგრადობა და განვითარება ქმნის და ზრდის ქვეყანაში სამუშაო ადგილებს და დასაქმებას.

უმუშევრობის დონე, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, 2022 წელს შემცირებულია 2021 წელთან შედარებით. პოსტპანდემიური პერიოდი გამოირჩევა ეკონომიკური აქტივობის ზრდით, რამაც გავლენა მოახდინა შრომის ბაზარზეც, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდებს შორის არის ყველაზე მაღალი უმუშევრობის დონე, როგორც 2021, ასევე 2022 წლებში და უმუშევრობის საშუალო დონეზე მაღალია ახალგაზრდების ყველა ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით. 

 

დიაგრამა 1. უმუშევრობის დონე (%) საქართველოში ასაკობრივ ჭრილში

2021-2022 წლების მიხედვით

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba 

აღნიშნული ტენდენცია უფრო აშკარად ჩანს, თუ მხოლოდ ახალგაზრდების ოთხი ასაკობრივი ჯგუფისა და უმუშევრობის საშუალო დონის მაჩვენებლების შედარება მოხდება. როგორც წესი, ქვედა ასაკობრივ ჯგუფში არის უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე იმ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, რაც უკვე აღინიშნა. საქართველოს შემთხვევაში 2021 წელს 15-19 წლის ჯგუფისთვის იგი იყო 52,2%, ხოლო 2022 წელს – 47,4%. შესაბამისად, 20-24 წლის ასაკობრივ  ჯგუფში – 41% და 37,3%, 25-29 წლის ასაკობრივ ჯგუფში –  27,8% და 22,2%, ხოლო 30-34 წლის ჯგუფში –  24,5% და 19,9%. იოლი შესამჩნევია, რომ უმუშევრობის დონე ყველა ასაკობრივ ჯგუფში უმუშევრობის საშუალო დონეზე (2021 წელს –  20,6%, 2022 წელს –  17,3%) მეტია. 

დიაგრამა 2. უმუშევრობის დონე (%) საქართველოში ახალგაზრდების ასაკობრივ ჭრილში

2021-2022 წლების მიხედვით

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური.

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba 

როგორც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ჩანს, უმუშევრებს შორის მრავალი  ახალგაზრდაა, რაც ზრდის სოციალურ და პოლიტიკურ რისკებს, აუფასურებს ადამიანისეულ კაპიტალს, რომლის განვითარებისთვის წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი კაპიტალია ინვესტირებული როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორიდან. საზოგადოება კარგავს ეკონომიკურ დოვლათს, რომლის მიღებაც შესაძლებელი იქნებოდა ახალგაზრდების ინტელექტუალური პოტენციალის ეფექტიანი გამოყენებით.

ახალგაზრდების დასაქმება. ახალგაზრდების დასაქმებაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: განათლების დონე, გამოცდილება, მწარმოებლურობა, კონკურენტული გარემო, ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკური განვითარების ტემპები, ინვესტიციების მოცულობა, სტაბილურობა და ა.შ.  ახალგაზრდების დასაქმება შესაბამისი ანაზღაურებითა და შრომის პირობებით ეკონომიკური გამოწვევაა არაერთი ქვეყნისთვის. სამუშაო ადგილების შეზღუდული რაოდენობა, შედარებით დაბალი ანაზღაურება და ხშირ შემთხვევაში შრომის მძიმე პირობები ახალგაზრდებს რთულ პირობებში აყენებს. მრავალჯერადი მცდელობის წარუმატებლად დასრულების შემდეგ კი გარკვეული ნაწილი ცდილობს საზღვარგარეთ ეძებოს საარსებო წყარო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დასაქმება  ახალგაზრდების ასაკობრივ ჭრილში მკვეთრად იზრდება 15-19 წლიდან 20-24 წლის ჯგუფში, იგივე შეიძლება ითქვას 25-29 წლის ასაკობრივ კატეგორიაზეც. შემდგომში თანდათან ზრდა ხდება, თუმცა დასაქმების დონის ზრდა, ფაქტობრივად, ვერ ამცირებს იმავე ასაკობრივ ჭრილში უმუშევრობის მაღალ დონეს (იხ. დიაგრამა 1 და დიაგრამა 2). 

 დიაგრამა 3. დასაქმების დონე (%) საქართველოში ასაკობრივ ჭრილში

2021-2022 წლების მიხედვით

 

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba 

მხოლოდ ახალგაზრდების ოთხი ასაკობრივი ჯგუფისა და დასაქმების საშუალო დონის მაჩვენებლები მოცემულია დიაგრამა 4-ის მიხედვით. ახალგაზრდების ქვედა ჯგუფში დასაქმების დონე ყველაზე დაბალია, 2021 წელს – 5,2%, ხოლო 2022 წელს –  6,7%, შემდგომში აღნიშნული მაჩვენებლები შესაბამისად იზრდება. 20-24 წლიანებში დასაქმების დონე უკვე 31,6% (2021 წელი)  და 32,1%-ია. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა შემდეგ, 25-29 წლიანების ჯგუფში: 48,4% (2021 წელი) და 52,8% (2022 წელი), ბოლო ჯგუფში წინასთან შედარებით ზრდა არის, მაგრამ მცირე: 50,6% – 2021 წელს და 56,4% – 2022 წელს. 

დიაგრამა 4. დასაქმების დონე (%) საქართველოში ახალგაზრდების ასაკობრივ ჭრილში 2021-2022 წლების მიხედვით

 

წყარო: საქართველოსსტატისტიკისეროვნულისამსახური

https://www.geostat.ge/ka/modules/categories/683/dasakmeba-umushevroba

ახალგაზრდების დასაქმების გამოწვევები უკავშირდება იმ დაბრკოლებებს, რაც ჩნდება სამუშაოს ძიების პროცესში. უპირატესად, ეს არის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნისა და უნარ-ჩვევების უქონლობა. პროფესიული ორიენტაცია და შესაძლებლობების შესაბამისი სპეციალიზაცია იყო, არის და სამომავლოდ კვლავ დარჩება იმ პრობლემად, რომელიც პიროვნებამ, ოჯახმა, საზოგადოებამ და ახალგაზრდებთან მომუშავე შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა შეარბილონ. შრომის ბაზრის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას აფერხებს მატერიალური და ინოვაციური წარმოების სფეროს შეზღუდული განვითარება. არადა ეს ის სფეროებია, რომელშიც ყველაზე მეტად არის შესაძლებელი დამატებული ღირებულების შექმნა და შემოსავლების ზრდა. საქართველოს ახალგაზრდების დიდი ნაწილი დასაქმებულია მომსახურების სფეროში, რომელიც შედარებით დაბალი ანაზღაურებითა და შრომის საკმაოდ მძიმე პირობებით ხასიათდება.

საქართველოს ხელისუფლებამ შრომის ბაზარზე სახელმწიფო პოლიტიკის გეგმაზომიერი გატარება და დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება ბოლო ათწლეულში განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო. სამუშაოს მაძიებლების კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად გაძლიერდა პროფესიული მომზადების სექტორი, პროფესიული გადამზადების ცენტრები ამოქმედდა მუნიციპალიტეტების და რეგიონების მიხედვით, მოხდა საკვანძო კომპეტენციების განვითარება, უპირატესად, კომპიუტერული უნარ-ჩვევებისა და უცხო ენების შესწავლის კუთხით ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, სტაჟირების პროგრამების გაფართოება და ა.შ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა განსაკუთრებულ აქცენტს მოსახლეობის მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის, ახალგაზრდების ხელშეწყობაზე, შრომით ინტეგრაციასა და მწარმოებლურობაზე აკეთებდა. საქართველოს კანონმა „პროფესიული განათლების შესახებ“ დააჩქარა პროფესიული განათლების სისტემის განვითარება.  საქართველოში პროფესიულ განათლებას 120-მდე დაწესებულება უზრუნველყოფს ყველა რეგიონში. პროფესიული განათლების მსურველთა დაფინანსება ისე ხდება, რომ დაინტერესებული პირებისთვის პროგრამით სარგებლობა ხელმისაწვდომია. მსგავსი ქმედებები დადებითად მოქმედებს შრომის ბაზარზე, გარკვეულწილად, ამცირებს შრომის მოთხოვნასა და შრომის მიწოდებას შორის არსებულ დისბალანსს, მაგრამ თანამედროვე გამოწვევებთან შესარკინებლად ძირითადი აქცენტი მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი მუშახელის მომზადებაზე უნდა გაკეთდეს. ინტელექტუალურ, ინოვაციურ სფეროებში დასაქმება თანდათან მეტ პოპულარობას იძენს, მით უმეტეს, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში გეოგრაფიული ბარიერები მოხსნილია და დისტანციურად შესაძლებელია მაღალი ანაზღაურების მიღება შესაბამისი უნარ-ჩვევების მეშვეობით.

შრომის ბაზრის ფორმირების სახელმწიფო სტრატეგია მოიცავს: პროფესიული ორიენტაციისა და კონსულტაციის მომსახურების შეთავაზებას, დასაქმებულთა და უმუშევართა აღრიცხვას, სამუშაო ძალის სტრუქტურის კვლევას და ა.შ. 2020 წელს შეიქმნა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. იგი ცდილობს მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, შრომის ბაზრის  აქტიური პოლიტიკის  გატარებას, საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების ორგანიზებას და ა.შ. აღნიშნულ შესაძლებლობებს აქტიურად იყენებს ახალგაზრდების, განსაკუთრებით, სტუდენტების, ნაწილი.

განხილული სტატისტიკური მონაცემებიდან გამომდინარე, საქართველოს უნდა ჰქონდეს უშუალოდ ახალგაზრდების უმუშევრობასთან ბრძოლის სტრატეგია, ახალგაზრდების დასაქმებაზე მორგებული სამოქმედო გეგმა, რომელიც პრობლემების სიმწვავეს შეარბილებს ან გაანეიტრალებს. 

დასკვნა. საჭიროა კვალიფიკაციის მიღებისა და ამაღლების პროცესის მუდმივი სრულყოფა და თანამედროვე გამოწვევების შესაბამისი სტრუქტურების ჩამოყალიბება, რათა სწრაფად ცვალებად მსოფლიოს არ ჩამორჩეს ქვეყნის ახალგაზრდობა. თანაც დამსაქმებელი ეძებს გამოცდილ კადრს, რაც გამართული სტაჟირების სისტემის საშუალებით გაცილებით იოლად მიიღწევა.

საქართველოში უმუშევართა უმრავლესობას ახალგაზრდები წარმოადგენენ. მათი დიდი ნაწილი სტუდენტია. ისინი პარალელურად სწავლობენ და მუშაობენ კიდეც. სწორედ ამიტომ, სასურველია ისეთი სამუშაო ადგილების შექმნის წახალისება, რომლებიც საშუალებას მისცემენ სტუდენტებს შრომითი საქმიანობა შეუთავსონ სწავლის პროცესს, რათა შემდგომში  უფრო კვალიფიციური უნარ-ჩვევებით მოახდინონ სამუშაო ძალის მიწოდება შრომის ბაზარზე.

ახალგაზრდების შესაძლებლობებსა და ინტერესებზე მორგებული სამუშაო ადგილების ზრდა შეამცირებს ყველაზე პერსპექტიული სამუშაო ძალის გადინებას ქვეყნიდან, რასაც ექნება როგორც ეკონომიკური, ასევე   დადებითი  დემოგრაფიული ეფექტი.

ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში უმუშევართა წილი გაიზარდა ახალგაზრდების ქვედა ასაკობრივ ჯგუფებში, რაც მიანიშნებს შრომის ბაზარზე კვალიფიციურ შრომაზე მოთხოვნის ზრდას. ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის დონის მატებისა, არის კვალიფიკაციისა და გამოცდილების ნაკლებობა, თუმცა არ შეიძლება სხვა უარყოფითი ბარიერების უარყოფა. მით უმეტეს, უმაღლესი განათლების მიღება არ არის გარანტია მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძიების მიმართულებით. განათლებისა და წარმოების სექტორის მეტი თანამშრომლობით შესაძლებელი იქნება შრომის ბაზარზე წონასწორული მდგომარეობის მიღწევა.

ახალგაზრდების დასაქმების სფეროში გარდატეხის შეტანა მასშტაბურ და გონივრულ რეგულირებას საჭიროებს სახელმწიფო ორგანოების მიერ, რომელიც დაფუძნებული იქნება ანალიზისა და პროგნოზირების მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდებზე.

 ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, ახალგაზრდების სტიმულირება, ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში იქნება იმის გარანტია, რომ საშუალო და ზედა ასაკობრივ ჯგუფებში მაინც მნიშვნელოვნად შემცირდეს უმუშევრობა და გაიზარდოს დასაქმების დონე. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ. https://matsne.gov.ge/ka/document/view/32830?publication=102
  2. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. https://geostat.ge
  3. პაიკიძე, მ. (2021). ახალგაზრდების დასაქმება და მათი გამოწვევები საქართველოში.  https://geoeconomics.ge/?p=13123
  4. ცარციძე მ. (2017). დასაქმება და შრომის ბაზრის რეგულირება. თბილისი. თსუ-ის გამომცემლობა
  5. Albæk, K., Asplund, R.,Barth, E., Lindahl, L., Simson, K & Pekka Vanhala. (2015). Youth unemployment   and inactivity A comparison of school‐to‐work transitions and labour market outcomes in four Nordic countries. Denmark. www.norden.org/nordpub
  6. Gontkovičová, B., Bohuslava, M. & Pružinský,M. (2015). Youth unemployment - current trend in the labour market? Procedia Economics and Finance 23 (2015) 1680 – 1685
  7. European Union. COMMUNICATION FROM THE COMMISSION TO THE EUROPEAN PARLIAMENT, THE COUNCIL, THE EUROPEAN ECONOMIC AND SOCIAL COMMITTEE AND THE COMMITTEE OF THE REGIONS Youth Employment Support: a Bridge to Jobs for the Next Generation. https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?qid=1594047420340&uri=CELEX%3A52020DC0276